რეცენზია: მხევლის წიგნი

ყოველ ათწლეულს ჰყავს ავტორი, რომელიც საზოგადოებაში არსებულ შიშებს ლიტერატურულ ფორმაში აქცევს და მომავალ თაობებს გაფრთხილებად უტოვებს: 30-იან წლებში ეს იყო ოლდოს ჰაქსლი, 40-იანებში – ჯორჯ ორუელი, 50-იანებში – რეი ბრედბერი, 60-იანებში – ენტონი ბერჯესი, 70-იანებში – ურსულა ლე გუინი, 80-იანი წლების დისტოპიური სცენა კი მარგარეტ ეტვუდს და „მხევლის წიგნს“ ეკუთვნოდა. ეს პერიოდი არეულობისა და ვნებათაღელვის დრო იყოს: ეკონომიკური კრიზისი, დაძაბულობა საბჭოთა კავშირსა და ა.შ.შ-ს შორის, შიდსის ვირუსის აღმოჩენა, მეცნიერული კონსენსუსი გლობალური დათბობის არსებობის შესახებ, შეიარაღებული კონფლიქტებითა და ცხელი წერტილებით მოცული ახლო აღმოსავლეთი, დედამიწის მოსახლეობის აქამდე არნახული ზრდა. მოკლედ, დისტოპიური რომანის დასაწერად მარგარეტ ეტვუდს ნოყიერი ნიადაგი ჰქონდა.

დაძაბულობისა და პოლიტიკური არეულობის პერიოდებს ყოველთვის ახასიათებთ მარგინალური ჯგუფების გააქტიურება. მათ გამოჩენასთან ერთად იწყება საუბრები სამყაროს გარყვნილებაზე, რასის შებილწვაზე, მოწოდებები „ფესვებთან“ დაბრუნებისკენ, სოციალური და პოლიტიკური მოდელის უფრო ტრადიციული, არქაული ფორმებით შეცვლაზე. იმ დროში დაბრუნებაზე, როდესაც ყველაფერი ბევრად უფრო მარტივად იყო, როცა ყველამ იცოდა თავისი ადგილი, ოჯახის უფროსი და ბატონი კაცი იყო, ქალებს კი რეპროდუქციული აპარატის წმინდა როლი ჰქონდა. როგორი იქნება სამყარო თუ მათი მოთხოვნები შესრულდება და ყველანი დავრუნდებით „უკეთეს დროში“? მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ეძღვნება. ეს პასუხი დღეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოდესმე.

„მხევლის წიგნში“ ა.შ.შ. აღარ არსებობს. მისი ადგილი გალაადის რესპუბლიკამ დაიკავა. ადამიანთა უფლებები წარსულს ჩაბარდა. საზოგადოებრივი წყობა მკაცრად იერარქიულია და ბიბლიის პირდაპირ ინტერპრეტაციაზე დაფუძნებული, ყველას თავისი ადგილი აქვს და ეს ადგილი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, საკმაოდ არაკომფორტულია. ის, ვინც არ ეწერება ამ წყობაში თავისი კანის ფერის, რელიგიური მრწამსისა და სექსუალური ორიენტაციის გამო, ან გადასახლებულია, ან სასიკვდილოდ გაწირული. მხევლები ის ქალები არიან, რომელთა ერთადერთი ფუნქცია რეპროდუქციაა. რადგანაც გალაადში სხვადასხვა დაავადებისა და ეკოლოგიური კატასტროფების გამო ბავშვების დაბადება იშვიათობაა, საზოგადოების პრივილირებულ წევრებს უფლება აქვთ მხევალი მოითხოვონ, რათა მათი გვარის გაგრძელება უზრუნველყონ.


„და ვითარცა იხილა რაქელ, რამეთუ არა უშვა ძე იაკობს, და ეშურებოდა რაქელ ლიას, დასა თჳსსა, და ჰრქუა იაკობს: მეც მე შვილი; უკუეთუ არა, მოვკუდე მე. განურისხნა იაკობ რაქელს და ჰრქუა: ნუუკუე, ნაცუალი ღმრთისა ვარი მე, რომელმან დაგაკლო შენ ნაყოფი მუცლისა შენისა. ხოლო რაქელ ჰრქუა იაკობს: აჰა ეგერა, ბალა, მჴევალი ჩემი შევედ უკუე მისა და მიშუეს მე მუჴლთა ჩემთა ზედა და შვილიერ ვიქმნე მეცა მისგან“.


მხევლების ახალი ცხოვრებისთვის მომზადება გალაადის მეთაურებმა ისევ ქალებს დაავალეს. „დეიდების“ ინსტიტუტს განსაკუთრებული როლი და შესაბამისად პრივილეგიებიც აქვთ. მათ სხვა ქალებისგან განსხვავებით კითხვის უფლება გააჩნიათ. იშვიათი, ფუფუნება იმის გათვალისწინებით, რომ კითხვის უფლების გარეშე, მხევლებს ბიბლიის წაკითხვის საშუალებაც კი არ აქვთ, იმ წიგნის, რომლითაც მათ ცხოვრებას განსაზღვრავენ. ცოდნაზე წვდომის შეზღუდვით, მეთაურებს ნებისმიერი კანონისთვის ღვთებრივი ლეგიტიმაციის მიცემა შეუძლიათ. მაგრამ „დეიდების“ მთავარი იარაღი მსხვერპლის დარწმუნებაა, რომ ის თავად არის დამნაშავე, რომ მისი ბრალია ძველი სამყაროს გარყვნილება, მისი ბრალია, რომ ბავშვები აღარ ჩნდებიან, მისი ბრალია, რომ ღვთის მიერ მისთვის დაკისრებული როლი უარყო და სამყარო მხოლოდ მათი ახალი მეპატრონეების ჩარევის შედეგად გადაურჩა განადგურებას. ისინი მადლიერნი უნდა იყვნენ მათი ახლადბოძებული თავისუფლებისთვის. თავისუფლება კაცის მზერისგან, თავისუფლება აზრს მოკლებული ცხოვრებისგან, თავისუფლება არჩევანის გაკეთების შესაძლებლობისგან. ქალის მიზანი მხოლოდ ახალი ცხოვრების შექმნა უნდა იყოს, თავის ცხოვრებაზე ფიქრისგან კი ის თავისუფალია.


– გახსოვდეთ, – ამბობდა დეიდა ლიდია, – ჩვენი მიზნებისათვის თქვენი ხელები და ფეხები მეორეხარისხოვანია.


მმართველ მხარეს წიგნში მეთაური ფრედი წარმოადგენს, რომლის საკუთრებაში მთავარი გმირი იმყოფება. ის სისტემის ადამიანური სახეა, თუმცა ეს ადამიანურობა მოჩვენებითი და შესაბამისად ყველაზე სახიფათოა. სისუსტის გამოხატვის იშვიათ მომენტში ის არსებულ მდგომარეობას განიცდის. ის არ არის რელიგიური ფანატიკოსი, რომელიც თავის სიმართლეში ერთი წამითაც არ შეაქვს ეჭვი და მზად არის მთელი სამყარო სასაკლაოდ აქციოს, ოღონდაც თავის ღმერთთან მართალი დარჩეს. ფრედი ჩვეულებრივი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელსაც ცხოვრება უყვარდა და გასაგნებულ, უემოციო, გატეხილ ქალთან ურთიერთობა არავითარ სიამოვნებას არ ანიჭებს. თითქოს ხვდება, რომ საპირისპირო სქესისთვის თავისუფლების, ინდივიდუალობის, ნების გამოხატვის წართმევით, მასზე სრული დომინაციის მოპოვებასთან ერთად, მის მიმართ მთელი ინტერესი დაკარგა. ის საგნად აქცია, რომელსაც არა თუ რამე ემოციის გამოხატვა, არამედ შეწინააღმდეგებაც აღარ შეუძლია. თუმცა ეს წუხილი მხოლოდ მისი ეგოიზმიდან გამომდინარეობს. მას ის არ ანაღვლებს რომ სხვა ადამიანს თავისუფლება წაართვა, ის მხოლოდ იმაზე ღელავს, რომ გატეხილ, უნებო ადამიანთან ურთიერთობის ძველი ფორმები შეუძლებელია.


ჩვენ გვეგონა, ასე უკეთესი იქნებოდა. – უკეთესი? – გაოგნებისგან ლამის ხმა ჩამიწყდა. როგორ შეიძლება ასე ცხოვრება უკეთესი გეგონოს? – უკეთესი არ ნიშნავს ყველასთვის უკეთესს, – მითხრა ბოლოს, – უკეთესი ზოგისთვის უარესია ხოლმე.


გალაადის რესპუბლიკა იმდენად გროტესკულია, რომ თუ თავად არ გაქვს ის ჩაგვრა გამოცდილი, რომელსაც დედამიწაზე ქალად მოვლენისთანავე გიბოძებს ნებისმიერი საზოგადოება – წარსული თუ ამწყოც, შესაძლებელია მდგომარეობა კომიკურადაც კი მოგეჩვენოს. პირველივე რეაქცია გაკვირვება და საკუთარი თავის დაჯერებაა, რომ შეუძლებელია ასეთი რამე მოხდეს. საზოგადოებამ იმდენად დიდი პროგრესი განიცადა, რომ ეს ყველაფერი წყალში ვერ ჩაიყრება. თუმცა, ამ პროგრესით დატკბობის შესაძლებლობა სულ ახლახან გაგვიჩნდა და ის დღესაც არ არის უნივერსალური. ადამიანთა უმეტესობას პროგრესულად მიმავალი ისტორიის სწამთ, „მომავალში ყველაფერი უკეთ იქნება“. თითქოს ისტორია ერთი მეტროსადგურიდან მეორეში მიმავალი მატარებელი იყოს, რომელსაც არ შეუძლია უკან დაბრუნება ან გზიდან გადახვევა. ამავდროულად ისტორია გვიჩვენებს, რომ ასე არ არის. რომის იმპერიის დაცემასთან ერთად, კაცობრიობამ დაგროვილი ცოდნა ისეთი რაოდენობით დაკარგდა, რომ „ბნელი საუკუნეები“ ათასი წელი, იტალიურ რენესანსამდე გაგრძელდა. ისტორია სწორი ხაზი არ არის, „მხევლის წიგნი“ ამის შესახებ გვახსენებს და გვაფრთხილებს.. ხვალინდელი დღე არ იქნება უკეთესი, თუ მისთვის დღეს არ იბრძოლე. სამყარო საკუთარ თავს არ გააკეთილშობილებს. ეტვუდი გვეუბნება, რომ ბრძოლა არა მხოლოდ პროგრესისთვის, არამედ უკვე მიღწეულის შესანარჩუნებლად არის საჭირო, ამიტომაც:


Nolite Te Bastardes Carborundorum


 

0 კომენტარი

პასუხის გაცემა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*